ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინას ომით უმძიმესი ზიანი მიადგა და ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
კობახიძის თქმით, ზიანი ყველა თვალსაზრისით მძიმეა, ამასთან, ქვეყანას მოუწია NATO-ზე უარის თქმა.
"სამწუხაროდ, უმძიმესი ზიანი მიადგა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, ჩვენს მეგობარ ხალხს, უკრაინას. ძალიან რთულია ის მდგომარეობა, რომელშიც არის ეს სახელმწიფო დღეს. თქვენ იცით, რომ ყველა თვალსაზრისით ზიანი არის ძალიან მძიმე, იქნება ეს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული თუ სამხედრო. და თქვენ იცით, რომ უკრაინას, მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატოზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება რუსეთის მიმართ. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა. შესაბამისად, სახეზეა ის მდგომარეობა, რაც არის ჩვენთვის სამწუხარო". - თქვა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის მტკიცებით, უკრაინის "სასტარტო შეთავაზება იყო NATO-ზე უარის თქმა, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა".
კობახიძე ამბობს, რომ საქართველოსთვის უკრაინის მდგომარეობა რელევანტური არ არის.
"ეს ამძიმებს იმ სურათს, რაც არის შექმნილი უკრაინაში. უკრაინამ რუსეთს შესთავაზა სასტარტო პირობები გარიგებისთვის და მისგან არ მიუღია პასუხი. უკრაინა იყო NATO-ზე უარის და ნეიტრალური სტატუსის ინიციატორი. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში, შესაბამისად, ჩვენთვის საერთოდ არ არის რელევანტური ამ თემაზე მსჯელობა და იმედია, არც მომავალში გახდება. ჩვენ გვაქვს მკაფიო ორიენტირები ჩვენს პოლიტიკაში და ამოცანები. პირველი რიგის ამოცანაა, ქვეყანას თავიდან აარიდოს ომი". - ამბობს ირაკლი კობახიძე.